ON AIR

ატომურ დირიჟაბლზე გაიხსნა CYBER INDIANS TV, მე და კიბერ ინდიელები შევეცდებით მოგამარაგოთ კარგი მუსიკით და საინტერესო ვიდეორგოლებით (ჩვენი აზრით კარგი და საინტერესო)
ამ კვირის ფლეილისტი:
Gorillaz-On Melancholy Hill
Royksopp-What Else Is There?
Korallreven-The Truest Faith
Justice-We Are Your Friends
Bat For Lashes-Whats a Girl To Do
ყოველ კვირა დავამატებთ ახალ ტრეკებს.

ნუტელა 9/11-ზე

 
 
ანტარქტიდაში, ყინულის აგურებისგან აშენებულ იგლუში გადავედი საცხოვრებლად. აქ მე, ნუტელას ქილები და მწვანე საბეჭდი მანქანა ვცხოვრობთ, მარტო ჩვენ. ქილების გამო იგლუს ნუტელა დავარქვი და რადგან სიგრძეში ეზოსთან ერთად ცხრა მეტრია და სიგანეში თერთმეტი, 9/11-ზე დავუმატე.
 ერთ დღეს, მივხვდი რომ დრო იყო ნუტელა 9/11ზე დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა გამხდარიყო. ქვეყანა სადაც არ იდგმებოდა დიდი წითელი ინკუბატორები,  სადაც არ იქნებოდა ჯ-art გადამამუშავებელი ქარხნები, ჟანგიანი ტელევიზორები და რადიოები, სადაც მზეს არ დასჭირდებოდა ნათურის გამოცვლა და ხეებს დაპრინტერებეული ფოთლების მიწებება, ნუტელა 9/11ზე ასევე უნდა ყოფილიყო ავტო სტოპით მოგზაური ხალხების და ცოცხალი არსებების კარავი, კარავი 9/11ზე.
 რთული, წარმოუდგენელი მიზანი იყო, მაგრამ მე გადავწყვიტე შესრულება. მწვანე საბეჭდი მანქანა ავიღე და წერა დავიწყე, ვცდილობდი მეპოვა გზები, ადვილი გზები, სიტყვები, წინადადებები რომლებიც მარტივად დაგანახებენ, ვფიქრობდი ვწერდი და თან ნუტელას ვჭამდი, როცა გვერდით გემრიელი მეგობარი გყავს ეს უკვე ბევრ რამეს აადვილებს. დღეები გადიოდა, მართალია იგლუ დაჭმუჭნული, დაჯღაბნილი და გადახეული ფურცლებით ივსებოდა, მაგრამ სწორ შევსებულ ფურცლებსაც ემატებოდათ ახლები. თანდათან ვხვდებოდი რომ გამარტივება ეს ერთ-ერთი სწორი გზა იყო, მე შემეძლო, განვითარების და ახლის აღმოჩენის სურვილი ჰამბურგერში, ტოსტერში ან მაცივარში მომექცია. მეორე სწორი გზა არარეალურის რეალურად დანახვა გახდა, უბრალოდ  შენს ზომაზე უნდა დაიყვანო ან აიყვანო ის რაც შორს, ძალიან მაღლა ან ძალიან დაბლა გეჩვენება.
 ამ ორი გზით წავედი და ჩამოვედი, ჩამოვიტანე და ჩამოვიყვანე. ჯერ იგლუს თავზე დროშა დავკიდე, თეთრ ფონზე ნუტელას ქილა რომ ხატია, შემდეგ მწვანე საბეჭდი მანქანა მწვანე ნოუთბუქით შევცვალე და Google Earth-ში ანტარქტიდაზე, ის წერტილი მოვნიშნე სადაც ნუტელა 9/11-ზე მდებარეობს-დამოუკიდებლობა გამოვაცხადე. ამის შემდეგ გვერდიც გავხსენი და სწორ ფურცლებზე დაწერილის გამოქვეყნება დავიწყე. ვწერდი-აქ არ იქნება მმართველი ან მმართველები, აქ არ იქნებიან დემაგოგიის ამომავალი, ზენიტში მყოფი ან ჩამავალი ვარსკვალვები, აქ არ იქნებიან მაცივარში გაყინული რეჟისორები და ტოსტერში გასაცხელბლად ჩადებული ფილმები, აქ არ იქნებიან მსახიობები და მომღერლები რომლებსაც შტეფსელში შეერთება სჭირდებათ კამერამ  რომ დაინახოს. აქ არ იქნებიან დაქსეროქსებული მწერლები და მხატვრები. აქ არ იქნებიან ადამინები რომლებიც ერთმანეთის ვუდუ თოჯინებს აკეთებენ, ადამიანები რომლებსაც უყვართ დიდი ასანთებით თამაში, ადამიანები რომლებიც გაუმაძღარი სნეიქები არიან, ადამინები რომლებიც სხვა ფერის გამო ხარებს ემსგავსებიან და რქები ამოსდით, ადამინები რომლებიც ჰაბურგერს ისე ჭამენ რომ არ უყურებენ შიგნით რა დევს.
  შემდეგ გამოქვეყნებულის პრაქტიკულად განხორცილება დავიწყე, ყველაფერს რასაც ვაკეთებდი კამერით ვიღებდი და გვერდზე ვდებდი. პირველ ვიდეო პოსტში ნაჩვენები იყო როგორ კიდია თოკებით იგლუს შუაში ტელევიზორი და რადიო, როგორ შიშინებენ და ხრიწინებენ როგორ არ უნდათ გათიშვა მაგრამ რამოდენიმე წამში სკამს ფეხს ვკრავ და ვიდეოში შიშინხრიწინი წყდება. მეორე ვიდეო პოსტი ოსკარის ოქროსფერ კაცუნებზეა, იგლუს ეზოში კაცუნების დაკრძალვაა, თორმეტივე კაცუნას კოდაკის კინოთეატრის მაკეტში ვდებ და თოვლს ვაყრი. ვიღებდი იმასაც თუ როგორ ვუკრავდი პირს შავი სკოჩით იმათ თოჯინებს გაეროში ყოველთვე რომ გამოდიან საათიანი მონოლოგებით, მერე პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში ვდებ პირაკრულ თოჯინებს და იგლუს ეზოში ბაზრობას ვაწყობ, უფასო ბაზრობას. შიგნით კი ვარდისფერ ფლამინგოს ვუშვებ სპეციალურ ტრეტორიუმში სახნისიან კუს, ქოთნებში ბაობაბებს ვრგავ და ბაობაბებიანი ქოთნებით ვავსებ იგლუს. ბოლო ვიდეო პოსტში ჩანს როგორ ანათებს ნეონის ნათურებისგან გაკეთებული თავისუფლების ქანდაკება რომელიც უფასო ბაზრობასთან ახლოს იგლუს შემოსასვლელთან დავდგი ჩირაღდანის და დაფის  ნაცვლად  ქანდაკებას ნუტელას ქილა და საპონი უჭირავს, პოსტის ბოლოს ვწერ ნუტელა როგორც ტკბილი თანასწორობა, საპონი როგორც სუფთა, მართალი. პოსტს რომ ვამთავრებ მოწვევას ვუგზავნი ინდიელ ბელადებს და დალაი ლამას. იმ ხალხის წარმომადგენელებს რომლებიც კარგავენ თვითმყოფადობას, რომლებიც მალე მექანიკურები გახდებიან, ჭანჭიკებით და ხრახნებით აწყობილები.
 დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანა ნუტელა 9/11-ზე, ყინულის აგურებისგან აშენებულ იგლუში ვზივართ მე, ინდიელთა ბელადი და ტიბეტელი ბერი ჩვენთან ახლოს კი თავისუფლების ქანდაკება ანათებს ნუტელათი და საპნით ხელში.

ნაივური სუპერი


 დაიწყო იმით რომ ყველაფერი მომბეზრდა. დილა შუადღე და საღამო ვერცერთ განსხვავებას რომ ვერ ვპოულობდი, არაფრისმთქმელი სიტყვები რომლის ნაცვლად არც რაფაელო და არც რამე ეგეთი გამოდგებოდა, სახეები ერთი მეორეზე უარესად რომ იცინოდნენ და ზოგს საერთოდ რომ არ გაეცინა ჯობდა.
ყველაფერი აზრს კარგავდა. მიზნების და ოცნებების ისედაც გადახრილ-პიზას კოშკებს სულ გამოეცალათ ძირი და დაინგრნენ. ვეღარ ვხვდებოდი საერთოდ რა მინდოდა ამ დედამიწაზე.
 მერე იყო წიგნები და სტატიები აი ისეთი ”წარმოიდგინეთ რომ თქვენს წინ, ცხვირის გასწვრივ ბედნიერების ფლაკონია, შეისუნთქეთ ღრმად...” ან ”ჩაიხედეთ სარკეში და ორი წუთის განმავლობაში ნაზად დაიზილეთ ზედა ტუჩი, შემდეგ...” რამდენჯერ ვცადე ჩამესუნთქა მაგრამ ან ჩემს ცხვირს ჰქონდა გრძნობა დაკარგული და ან ფლაკონი იყო დაცლილი ბედნიერების ”ჯადოსნური” სითხისგან.
 ბოლოს ვერც ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვსუნთქავდი. ვფიქრობდი რომ მე ვიყავი მიწის ბელტი, გადასამუშავებელი ჯართი ან უმი ხორცი, ცხოვრება კი დიდი ტრაქტორი, რკინის უზარმაზარი დაზგა ან სქელი ბასრი დანა. ამ შედარებებს ვაკეთებდი როცა ნაივური სუპერის ყდა დავინახე. რატომღაც ვიფიქრე რომ მწვანე, წითელი და ყვითელი ჯოხები ჩემი პრობლემებია და ჩაქუჩი ნაივური სუპერი, რომელიც ისე ჩაარტყამდა ჯოხებს რომ ვერასდროს ამოყოფდნენ თავს.
 ამ ყვითელ წიგნზე პირველი რაც მახსენდება ხის საუკაკუნო დაფაა, მერე სათამაშოების ფირმა ”ბრიო”,  კიმი ფაქსი და მეტეოროლოგია, კიდევ ნიუ-იორკი და Empire state building-ი, მახსენდება პრობლემები რომლებიც მე და მთავარ გმირს საერთო გვქონდა, იმდენად საერთო რომ მთავარი გმირი(რომლის სახელი არ არის ნახსენები) ჩემი თავი მეგონა. მასაც ყველაფერი მობეზრდა, მისთვისაც ყველაფერმა აზრი დაკარგა... მაგრამ ჩემგან განსხვავებით, პიზის კოშკების დანგრევას არ ელოდება და ცდილობს შექმნას თავისი პატარა სამყარო, რომელშიც ყველაფერი დალაგებული იქნება, ამისათვის კი საკმაოდ ორიგინალურ საშუალებებს მიმართავს. თამაშობს წითელი პლასტმასის ბურთით რომელიც დროის შეგრძნებას აკარგვინებს, უკვე ბევრჯერ ნახსენები ხის საკაკუნო დაფა ურთიერთკავშირის შეგრძნებას უჩენს. კითხულობს პროფესორ პაულის წიგნს, პაული რთულ საგნებზე მარტივად რომ წერს, ადგენს სიებს რომლის საშუალებით ნათლად ხედავს თავის აზრებს და სურვილებს, მაგალითად რა აქვს(ყავს) და რა აკლია.
აქვს: ველსოიპედი,
სასწავლებლის დიდი ვალი,
მაგისტრის წოდება,
პოტოაპარატი,
თითქმის ახალი ერთი წყვილი ბოტასი.
აკლია:გეგმები,
აღმაფრენა,
შეყვარებული,
შეგრძნება რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირიშია და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.
 ბოლოს ყველაფერი მართლა კარგად იყო, ნაივური სუპერმა ისე ჩაარტყა პრობლემებს რომ არც არასდროს ამოუყვიათ თავი. ბურთის სროლის და დაფაზე კაკუნის გარდა სიების წერაც დავიწყე, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, მიმახვედრეს რატომ ვარ დედამიწაზე.
ესეც ჩემი სია (ატომური მიზნების სია).
 დედამიწაზე ვარ იმიტომ რომ: ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი და დავტკბე ცხოვრებით, გავუნაწილო სუფთა ჰაერი სხვებს რომ ისინიც დატკბნენ ცხოვრებით, გამოვუცვალო ნათურა მათ ვისაც გადაეწვა და ჩემი მანქანიდან გადავუსხა ბენზინი იმას ვისაც გაუთავდა.

ნოეს შვილი



  ღამე იყო, წყალი რომ ადუღდა ჭიქაში ჩავასხი. მერე დავწექი და რამდენიმე ბალიში ჩემსკენ მოვწიე რომ გავმთბარიყავი, ბალიშებზე მეტად ჩაი მათბობდა. ხელში ავიღე და კითხვა დავიწყე.
 დილა იყო, ჭიქა ცარიელი. წიგნი დავხურე, დამცხა, ბალიშები გადავწიე მაგრამ მაინც მცხელოდა, ჩაის გამო არა.
 წიგნი შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნა ჟოზეფზეა, რომელიც ნაცისტების გამო იძულებულია მშობლებს დაშორდეს. ჟოზეფს მამა პონსი იფარებს, ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, ”ყვითელ ვილაში”. მთლიან შინაარს არ მოვყვები უბრალოდ რამდენიმე ამონარიდს დავწერ.

-და თქვენ ებრაელი ბრძანდებით, ქალბატონო?
-
არა. მე ბელგიელი ვარ.
-
როგორც მე.
-დიახ, როგორც შენ, გარდა ამისაქრისტიანი ვარ.
-
ქრისტიანობა ებრაელობის საპირისპიროა?
-
ებრაელების საწინააღმდეგო ნაცისზმია.
-
ქრისტიანებს არ აპატიმრებენ?
-
არა.
-
გამოდის, რომ უმჯობესია, ქრისტიანი იყო?
-
გააჩნია ვის თვალში...”

”ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიცერმა გასახდელში შემოიხედა. ბავშვები გაშეშდნენ და ხმა ჩაიგდეს. მამა პონსს სახე მიტკალივით გაუფითრდა... ოფიცერმა თითოეული მობანავე შემფასებელი მზერით შეათვალიერა. ზოგმა ინსტიქტურად სასირცხო ადგილზე აიფარა ხელი, მაგრამ სიმორხცვისათვის ნიშნეული ეს ჟესტი პირადად მე დაგვიანებულად, მეტიც ერთგვარ აღიერებად მეჩვენა.”
                                                                                                                                                                                                                
”სასტიკად ნაწამებ მარსელს სიტყვაც ვერ დააცდენინეს... სამაგიეროდ იმ ფოტოების ნეგატივებს მიაკვლიეს, ჩვენს პირადობის მოწმობებს რომ ამშვენებდა.”

”-იცი ვინ იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოლექციონერი?-მკითხა მამა პონსმა.
-არა. 
-ნოე.
-არ გამიგია.
-ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, დედამიწას გადაუღებელი კოკისპირული წვიმები დაატყდა თავს. ერთმა ადამინმა სახელად ნოემ, ყველაზე ადრე იგრძნო მთელი დედამიწა წყლით რომ დაიფარებოდა, ამიტომაც ადგა და კოლექციონერობას მიჰყო ხელი, ყოველ ცოცხალ არსებას მოუყარა თავი, ააშენა უშველებელი გემი და როცა ზღვის დონემ მის საცხოვრებელ სახლს მიაღწია  ცხოველები და ცოცხლად დარჩენილი  ადამინები გემზე გადასხა...”

 ”-ჟოზეფ, შენი აზრით რა არის ეკლესიის ქვეშ?
 -სარდაფი.
 -არა, აკლდამა, და რა არის ჩემს აკლდამაში?
 -არ ვიცი.
 -სინაგოგა.
 -მამა პოსნმა რამდენიმე სანთელი აანთო და აღმოვაჩინე სინაგოგა, რომელიც მას თავისთვის მოეწყო. მოქარგული ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილ სამოსის ქვეშ ის თორას გრაგნილს, ლოცვანებს, წმინდა ტექსტებით დაფარულ გრძელ პერგამენტს მალავდა.
-ეს რა არის?
-ჩემი კოლექცია.”

”როცა ერთ ერს მეორის უგუნურების გამო გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, მამა პონსი მყისიერად იწყებდა განსაცდელში ჩავარდნილი სულიერებისათვის ნიშნეული ნივთების გადარჩენაზე ზრუნვას. ამგვარად, მის ”ნოეს კიდობანში”  ერთამენთს ენაცვლებოდნენ ინდიელთა, ვიეტნამელთა, ტიბეტელ მღვდელთა ყოფის ამსახველი კოლექციები.”

 ვფიქრობდი ებრაელებზე და ქრისტიანებზე, ნაცისტებზე, მადამ მარსელზე და კიდევ სხვა გმირებზე მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთი კითხვა მაფიქრებდა, კითხვა რომლის გამოც დამცხა, ძალიან დამცხა.-მამა პონსი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კიდევ შეაგროვებდა კოლექციებს?

კინდერი

სიმწრისგან სალათისფერ შპალერებს ხევდი, დამსკდარი კედლებიდან ამოსულ და ჩამტვრეული ფანჯრიდან მოფრენილ მწერებს აფურთხებდი და მერე შიშველ ფეხს აბიჯებდი.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი. 
გინდოდა იქ გერბინა პირსახოცაფარებულს სადაც ყავისფერი ცაა და ვაშლის ბაღები, მაგრამ მწერები იქაც მოდიდონენ და ვაშლებს გიჭამდნენ.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
ბაღებიდან უცხო ტუალეტებში გაიქეცი და დიდი ბოთლებიდან სმა დაიწყე, გაბრუებული კიბეებზე ძლივს ადიოდი და კარს დაკეტავდი თუ არა იქვე იკეცებოდი. მალე კარამდეც ვეღარ აღწევდი და სადარბაზოს, სასმელის და სიგარეტის სუნით აყროლებდი.
 -მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
ბინძური იყავი და ყოველ ღამე როცა შენს თმიან ფეხებზე კოლგოტკებს იცვამდი და კედელს აეყუდებოდი უფრო ბინძური ხდებოდი.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
 დილას ადუღებული წყლის ხმა გაღვიძებდა, ჩაიდანს რომ გადმოდგამდი ლოგინს გადახედავდი და ცარიელი ბოთლების, ნამწვავების და ვიღაც უცხო ტიპების გარდა ვერავის ხედავდი.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
დილის ფერებში გახვეული ცას უყურებდი და ადუღებულ წყალს სვამდი, ყველაფერი კარგი, ბუნდოვნად გახსენდებოდა. როგორ გინდოდა ფერადი ნაჭრები შემოგეხვია და ვაშლის ბაღების მწვანე ბალახში გეგორავა, მაგრამ შენს სულ სხვასთნ გორაობდი.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
 გული გერეოდა, აბაზანაში გაიქეცი და არწყიე, მერე სარეცხ მანქანას ჩაეხუტე და ეხვეწებოდი შენც გაერეცხე, თან ისე რომ იქვე დაყრილ სარკის ნატეხებში შენი თავი ვეღარ გეცნო.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი. 
სტაფილოსფერი ყვავის დროს თავსახური მოხადე, თეთრი ყვავის დროს უკვე ბოთლში იყავი და იქ ყოფნა რომ გახსენებდა გაჟრჟოლებს ხოლმე, ყვავი რომ მწვანდებოდა ამოსვლა გინდოდა და მიხვდი ისევ ხის ცხენზე უნდა შემჯდარიყავი და ვაშლის ბაღებისთვის გებრძოლა.
 -
მე მინდა კინდერი, კინდერ სიურპრიზი.
 ცხენს ვერ პოულობდი და ბოთლში გამოკეტილი იგუდებოდი. მერე აღარ აპირებდი მაგრამ მაინც თქვი-კინდერი, კინდერ სიურპირზი.-გახსენი და ხის ცხენი ამოგივიდა, ის ხის ცხენი ბოთლიდან რომ ამოგიყვანა, ის ხის ცხენი მწერები რომ შეჭამა, ის ხის ცხენი პირსახოცაფარებული რომ შეაჯექი და ვაშლის ბაღებისკენ წაგიყვანა.

წითელი მექანიკური კოსმონავტი


მე შეიძლება ჩემს თავს ვურეკავდე, ან თანამგზავრს მარსზე,
მე შეიძლება თავი ინვალიდი მეგონოს, მაგრამ ვიჯდე წითელ კაფელებიან ოთახში, ხელში წითელი ტელეფონი მეჭიროს და თავზე წითელი ანტენა მეკეთოს.
მე შეიძლება თავი კოსმონავტი მეგონოს და ყოველ დილით ბოინგ 747-ის მგზავრებს ხელს ვუქნევდე,
მე შეიძლება თავისუფლების ქანდაკება გავხდე და ყველაზე ღრმა ტბაში ჩამაგდონ რომ არავინ დამინახოს.
მე შეიძლება ბალახი ვიყო, და მექნიკურმა ძროხამ მომძოვოს, ძროხამ რომელსაც ყოველ შუადღეს ბენზინს უსხამენ,
შეიძლება ნებროთმა გარეკა და მერლინ მონრომაც მაგრამ მე მათი თეთრხალათიანი ფსიქიატრი ვიქნები წითელი ჩაქუჩით ხელში.
მე შეიძლება ვიყო მძიმე, წერტილი ან ძახილი. შეიძლება საღამოს წერილი, ვიღაცის საფოსტო ყუთში.
მე შეიძლება საბჭოთა ჯარისკაცი ვიყო, ანდაც დირიჟაბლის ფაშისტი კაპიტანი.
მე შეიძლება ღამე ვიყო, თქვენ რომ გადაგეკვრებით და გგუდავთ ან თეთრი დათუნია თქვენს გვერდით რომ სძინავს.
მე შეიძლება გამთენიის ექსპრესი ვიყო და მაღვიძარას მაგივრობა გაგიწიოთ.
შეიძლება მე უბრალოდ მე ვიყო, შიშველი თეთრი ტრუსის ამარა კოსმონავტის სკაფანდრით და ზურგზე მშვიდობის ნიშნით.