ანტენიანი წიგნები

წიგნები რომლებიც სიგნალს უშვებენ

ნაივური სუპერი
ერლენდ ლუ

 დაიწყო იმით რომ ყველაფერი მომბეზრდა. დილა შუადღე და საღამო ვერცერთ განსხვავებას რომ ვერ ვპოულობდი, არაფრისმთქმელი სიტყვები რომლის ნაცვლად არც რაფაელო და არც რამე ეგეთი გამოდგებოდა, სახეები ერთი მეორეზე უარესად რომ იცინოდნენ და ზოგს საერთოდ რომ არ გაეცინა ჯობდა.
ყველაფერი აზრს კარგავდა. მიზნების და ოცნებების ისედაც გადახრილ-პიზას კოშკებს სულ გამოეცალათ ძირი და დაინგრნენ. ვეღარ ვხვდებოდი საერთოდ რა მინდოდა ამ დედამიწაზე.
 მერე იყო წიგნები და სტატიები აი ისეთი ”წარმოიდგინეთ რომ თქვენს წინ, ცხვირის გასწვრივ ბედნიერების ფლაკონია, შეისუნთქეთ ღრმად...” ან ”ჩაიხედეთ სარკეში და ორი წუთის განმავლობაში ნაზად დაიზილეთ ზედა ტუჩი, შემდეგ...” რამდენჯერ ვცადე ჩამესუნთქა მაგრამ ან ჩემს ცხვირს ჰქონდა გრძნობა დაკარგული და ან ფლაკონი იყო დაცლილი ბედნიერების ”ჯადოსნური” სითხისგან.
 ბოლოს ვერც ვერაფერს ვხედავდი და ვერც ვსუნთქავდი. ვფიქრობდი რომ მე ვიყავი მიწის ბელტი, გადასამუშავებელი ჯართი ან უმი ხორცი, ცხოვრება კი დიდი ტრაქტორი, რკინის უზარმაზარი დაზგა ან სქელი ბასრი დანა. ამ შედარებებს ვაკეთებდი როცა ნაივური სუპერის ყდა დავინახე. რატომღაც ვიფიქრე რომ მწვანე, წითელი და ყვითელი ჯოხები ჩემი პრობლემებია და ჩაქუჩი ნაივური სუპერი, რომელიც ისე ჩაარტყამდა ჯოხებს რომ ვერასდროს ამოყოფდნენ თავს.
 ამ ყვითელ წიგნზე პირველი რაც მახსენდება ხის საუკაკუნო დაფაა, მერე სათამაშოების ფირმა ”ბრიო”,  კიმი ფაქსი და მეტეოროლოგია, კიდევ ნიუ-იორკი და Empire state building-ი, მახსენდება პრობლემები რომლებიც მე და მთავარ გმირს საერთო გვქონდა, იმდენად საერთო რომ მთავარი გმირი(რომლის სახელი არ არის ნახსენები) ჩემი თავი მეგონა. მასაც ყველაფერი მობეზრდა, მისთვისაც ყველაფერმა აზრი დაკარგა... მაგრამ ჩემგან განსხვავებით, პიზის კოშკების დანგრევას არ ელოდება და ცდილობს შექმნას თავისი პატარა სამყარო, რომელშიც ყველაფერი დალაგებული იქნება, ამისათვის კი საკმაოდ ორიგინალურ საშუალებებს მიმართავს. თამაშობს წითელი პლასტმასის ბურთით რომელიც დროის შეგრძნებას აკარგვინებს, უკვე ბევრჯერ ნახსენები ხის საკაკუნო დაფა ურთიერთკავშირის შეგრძნებას უჩენს. კითხულობს პროფესორ პაულის წიგნს, პაული რთულ საგნებზე მარტივად რომ წერს, ადგენს სიებს რომლის საშუალებით ნათლად ხედავს თავის აზრებს და სურვილებს, მაგალითად რა აქვს(ყავს) და რა აკლია.
აქვს: ველსოიპედი,
სასწავლებლის დიდი ვალი,
მაგისტრის წოდება,
პოტოაპარატი,
თითქმის ახალი ერთი წყვილი ბოტასი.
აკლია:გეგმები,
აღმაფრენა,
შეყვარებული,
შეგრძნება რომ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირიშია და ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.
 ბოლოს ყველაფერი მართლა კარგად იყო, ნაივური სუპერმა ისე ჩაარტყა პრობლემებს რომ არც არასდროს ამოუყვიათ თავი. ბურთის სროლის და დაფაზე კაკუნის გარდა სიების წერაც დავიწყე, რომლებმაც, ბოლოს და ბოლოს, მიმახვედრეს რატომ ვარ დედამიწაზე.
ესეც ჩემი სია (ატომური მიზნების სია).
 დედამიწაზე ვარ იმიტომ რომ: ჩავისუნთქო სუფთა ჰაერი და დავტკბე ცხოვრებით, გავუნაწილო სუფთა ჰაერი სხვებს რომ ისინიც დატკბნენ ცხოვრებით, გამოვუცვალო ნათურა მათ ვისაც გადაეწვა და ჩემი მანქანიდან გადავუსხა ბენზინი იმას ვისაც გაუთავდა.



ნოეს შვილი
ერიკ-ემანუელ შმიტი

 ღამე იყო, წყალი რომ ადუღდა ჭიქაში ჩავასხი. მერე დავწექი და რამდენიმე ბალიში ჩემსკენ მოვწიე რომ გავმთბარიყავი, ბალიშებზე მეტად ჩაი მათბობდა. ხელში ავიღე და კითხვა დავიწყე.
 დილა იყო, ჭიქა ცარიელი. წიგნი დავხურე, დამცხა, ბალიშები გადავწიე მაგრამ მაინც მცხელოდა, ჩაის გამო არა.
 წიგნი შვიდი წლის ებრაელ ბიჭუნა ჟოზეფზეა, რომელიც ნაცისტების გამო იძულებულია მშობლებს დაშორდეს. ჟოზეფს მამა პონსი იფარებს, ბელგიის პატარა სოფელ შემლეიში, ”ყვითელ ვილაში”. მთლიან შინაარს არ მოვყვები უბრალოდ რამდენიმე ამონარიდს დავწერ.


-და თქვენ ებრაელი ბრძანდებით, ქალბატონო?
-არა. მე ბელგიელი ვარ.
-როგორც მე.
-დიახ, როგორც შენ, გარდა ამისაქრისტიანი ვარ.
-ქრისტიანობა ებრაელობის საპირისპიროა?
-ებრაელების საწინააღმდეგო ნაცისზმია.
-ქრისტიანებს არ აპატიმრებენ?
-არა.
-გამოდის, რომ უმჯობესია, ქრისტიანი იყო?
-გააჩნია ვის თვალში...”


”ერთ-ერთმა გერმანელმა ოფიცერმა გასახდელში შემოიხედა. ბავშვები გაშეშდნენ და ხმა ჩაიგდეს. მამა პონსს სახე მიტკალივით გაუფითრდა... ოფიცერმა თითოეული მობანავე შემფასებელი მზერით შეათვალიერა. ზოგმა ინსტიქტურად სასირცხო ადგილზე აიფარა ხელი, მაგრამ სიმორხცვისათვის ნიშნეული ეს ჟესტი პირადად მე დაგვიანებულად, მეტიც ერთგვარ აღიერებად მეჩვენა.”
                                                                                                                                                                                                                
”სასტიკად ნაწამებ მარსელს სიტყვაც ვერ დააცდენინეს... სამაგიეროდ იმ ფოტოების ნეგატივებს მიაკვლიეს, ჩვენს პირადობის მოწმობებს რომ ამშვენებდა.”

”-იცი ვინ იყო კაცობრიობის ისტორიაში პირველი კოლექციონერი?-მკითხა მამა პონსმა.
-არა. 
-ნოე.
-არ გამიგია.
-ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, დედამიწას გადაუღებელი კოკისპირული წვიმები დაატყდა თავს. ერთმა ადამინმა სახელად ნოემ, ყველაზე ადრე იგრძნო მთელი დედამიწა წყლით რომ დაიფარებოდა, ამიტომაც ადგა და კოლექციონერობას მიჰყო ხელი, ყოველ ცოცხალ არსებას მოუყარა თავი, ააშენა უშველებელი გემი და როცა ზღვის დონემ მის საცხოვრებელ სახლს მიაღწია  ცხოველები და ცოცხლად დარჩენილი  ადამინები გემზე გადასხა...”

 ”-ჟოზეფ, შენი აზრით რა არის ეკლესიის ქვეშ?
 -სარდაფი.
 -არა, აკლდამა, და რა არის ჩემს აკლდამაში?
 -არ ვიცი.
 -სინაგოგა.
 -მამა პოსნმა რამდენიმე სანთელი აანთო და აღმოვაჩინე სინაგოგა, რომელიც მას თავისთვის მოეწყო. მოქარგული ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილ სამოსის ქვეშ ის თორას გრაგნილს, ლოცვანებს, წმინდა ტექსტებით დაფარულ გრძელ პერგამენტს მალავდა.
-ეს რა არის?
-ჩემი კოლექცია.”


”როცა ერთ ერს მეორის უგუნურების გამო გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა, მამა პონსი მყისიერად იწყებდა განსაცდელში ჩავარდნილი სულიერებისათვის ნიშნეული ნივთების გადარჩენაზე ზრუნვას. ამგვარად, მის ”ნოეს კიდობანში”  ერთამენთს ენაცვლებოდნენ ინდიელთა, ვიეტნამელთა, ტიბეტელ მღვდელთა ყოფის ამსახველი კოლექციები.”

 ვფიქრობდი ებრაელებზე და ქრისტიანებზე, ნაცისტებზე, მადამ მარსელზე და კიდევ სხვა გმირებზე მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ერთი კითხვა მაფიქრებდა, კითხვა რომლის გამოც დამცხა, ძალიან დამცხა.-მამა პონსი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კიდევ შეაგროვებდა კოლექციებს?