წითელი მექანიკური კოსმონავტი


მე შეიძლება ჩემს თავს ვურეკავდე, ან თანამგზავრს მარსზე,
მე შეიძლება თავი ინვალიდი მეგონოს, მაგრამ ვიჯდე წითელ კაფელებიან ოთახში, ხელში წითელი ტელეფონი მეჭიროს და თავზე წითელი ანტენა მეკეთოს.
მე შეიძლება თავი კოსმონავტი მეგონოს და ყოველ დილით ბოინგ 747-ის მგზავრებს ხელს ვუქნევდე,
მე შეიძლება თავისუფლების ქანდაკება გავხდე და ყველაზე ღრმა ტბაში ჩამაგდონ რომ არავინ დამინახოს.
მე შეიძლება ბალახი ვიყო, და მექნიკურმა ძროხამ მომძოვოს, ძროხამ რომელსაც ყოველ შუადღეს ბენზინს უსხამენ,
შეიძლება ნებროთმა გარეკა და მერლინ მონრომაც მაგრამ მე მათი თეთრხალათიანი ფსიქიატრი ვიქნები წითელი ჩაქუჩით ხელში.
მე შეიძლება ვიყო მძიმე, წერტილი ან ძახილი. შეიძლება საღამოს წერილი, ვიღაცის საფოსტო ყუთში.
მე შეიძლება საბჭოთა ჯარისკაცი ვიყო, ანდაც დირიჟაბლის ფაშისტი კაპიტანი.
მე შეიძლება ღამე ვიყო, თქვენ რომ გადაგეკვრებით და გგუდავთ ან თეთრი დათუნია თქვენს გვერდით რომ სძინავს.
მე შეიძლება გამთენიის ექსპრესი ვიყო და მაღვიძარას მაგივრობა გაგიწიოთ.
შეიძლება მე უბრალოდ მე ვიყო, შიშველი თეთრი ტრუსის ამარა კოსმონავტის სკაფანდრით და ზურგზე მშვიდობის ნიშნით.

No comments: