ატომური კურდღლები


დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა! მოდით ნახეთ როგორ ითვლის დედამიწა ბოლო წუთებს! დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა, მოდით ნახეთ როგორ ითვლის დედამიწა ბოლო წუთებს!-ხმა მწვანე სახლში მწვანე რადიოდან ისმოდა, სახლი კი მიფრინავდა და მასზე დამაგრებული ნათურები ნელა ირხეოდა.

ყველაფერი ასე დაიწყო. მწვანე მინდორში მწვანე მაცივარი იდგა, შიგნით შიშველი მწვანე თმიანი ბიჭი და გოგო იყინებოდნენ. მაცივრის გარშემო კურდღლები იდგნენ და ელოდებოდნენ, გაყინულები გადმოიტანეს და მწვანე სახლში წაიღეს.

მწვანე სახლში მწვანე ბაზრობაა-ისმის რადიოდან-რომელიც მაშინ გაიხსება როცა დედამიწა ბოლო წუთებს დაითვლის. იყიდება, ყველაფერი იყიდება, ქილებში ქლოროფორმში ჩადებული ადამინები დევს, ყუთებში...- შემდეგ ისევ გრძელდება-დღეს მწვანე სახლში ატომური კურდღლების შეკრებაა...

კურდღლები გაყინულებს მწვანე ატომურ ბომბზე აბამენ, მაგიდასთან ჯდებიან, მწვანე ჩაის სმას იწყებენ და თან ითვლიან, თერთმეტი, ათი, ცხრა, რვა, შვიდი, რადიოდან ხმაც იწყებს მწვანე ბაზრის გახსნამდე დარჩა ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი... მწვანე სახლში ისმის ხმაური, ბომბი დედამიწას ეცემა და ყველაფერი ნათდება. კურდღლები შავ სათვალეებს იკეთებენ სინათლემ რომ არ შეაწუხოთ და მშვიდად განაგრძობენ მწვანე ჩაის სმას. რადიოდან ისმის-გაიხსნა, მწვანე ბაზრობა გაიხსნა, იყიდება, ყველაფერი იყიდება, ქილებში ქლოროფორმში ჩადებული ადამიანები დევს, ყუთებში...
ხმა განაგრძობდა ჩამოთვლას, მწვანე სახლი კი ისევ მიფრინავდა და მასზე დამაგრებული ნათურები ისევ ნელა ირხეოდა.

No comments: